მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში -,,საჯარო რეესტრი“), წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციასა და დაარეგისტრირებს საკუთრებას. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საკუთარი ინიციატივით წარმართავს რეგისტრაციის მთლიან პროცესს და მოქალაქეს სრულიად უფასოდ გაუწევს შემდეგ მომსახურებებს: • მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; • უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; • გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; • სანოტარო მედიაცია; • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; • ფაქტების კონსტატაცია; • მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია. მიწის სისტემური რეგისტრაცია მოიცავს ეტაპებს: • მიწის ნაკვეთების აზომვა; • დოკუმენტების მოძიება; • საჯარო გამოცხადება; • მონაცემების გადამოწმება; • რეგისტრაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი პროექტები:
1. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი (2016-2019 წლები).
სტატუსი: დასრულებული
ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის 2014 წელს ხელშეკრულება გაფორმდა.
„ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ირიგაციის კომპონენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საჯარო რეესტრის მეშვეობით ხორციელდება.
მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, 2016-2019 წლებში, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №351 დადგენილებით განისაზღვრულ 12 დასახლებული პუნქტში განხორციელდა:
• კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი);
• ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი);
• არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი);
• არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი);
• სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი);
• მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);
• ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი);
• ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი);
• ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი);
• საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი);
• მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი);
• შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).
პროექტის ფარგლებში 23 612 მესაკუთრის უფლება დარეგისტრირდა, რომელთაგან 10 943 ქალი მესაკუთრეა. პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებულმა ფართობმა კი 79 385 ჰა შეადგინა.
მსოფლიო ბანკის 2019 წლის 29 ოქტომბრის შეფასების თანახმად, საპილოტო პროექტი წარმატებულად შეფასდა, რაც ნიშნავს, წინასწარ განსაზღვრული ყველა ინდიკატორის შესრულებას.
პროექტის ტექნიკური დეტალები:
• პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან (IDA) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში;
• სამუშაოები წარმოებდა ეტაპობრივად, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ქაღალდის ვერსიის გამოყენებით;
• სხვადასხვა საპილოტო არეალზე სამუშაოები 3 მეთოდით წარმოებდა: სრულად კონტრაქტორი კომპანიის მიერ სრულად საჯარო რეესტრის (in-house) მიერ და, ასევე, შერეული მეთოდით, როგორც საჯარო რეესტრის ისე კონტრაქტორი კომპანის მიერ (hybrid).
2. სისტემური რეგისტრაცია საირიგაციო არეალებზე (2020-2022 წლები).
სტატუსი: მიმდინარე
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის № 1085 განკარგულებით, საირიგაციო არეალებზე მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის პროექტს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის სტატუსი მიენიჭა.
პროექტის თანახმად, 2020 - 2022 წლებში საჯარო რეესტრიმიწის ნაკვეთებს სისტემური წესით ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე არეგისტრირებს, სადაც „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ირიგაციის კომპონენტის ფარგლებში სარწყავი სისტემების მშენებლობა და აღდგენა მიმდინარეობს. კერძოდ:
• თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთის, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდის, მარაბდის, წინწყაროს,
გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
• გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
• ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
• გორის მუნიციპალიტეტის შინდისის, ვარიანის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
• საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდის, წყაროსთავის, გიორგიწმინდის, ყანდაურის, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
პროექტის გეოგრაფიული არეალების საერთო ფართობი 110 893 ჰა-ს შეადგენს, ხოლო 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში 70 911 მოსახლე ცხოვრობს. გეოგრაფიული არეალები მოიცავს როგორც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ტერიტორიებს (იორმუღანლო, ლამბალო, თულარი), ისე საოკუპაციო ხაზთან მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულს (ნიქოზი). სისტემური რეგისტრაციის პროცესში დარეგისტრირდება/დაზუსტდება 100 000-მდე მიწის ნაკვეთი.
პროექტის ტექნიკური დეტალები:
• პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2020 წლის 30 მარტს გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში;
• რეგისტრაციის პროცესი ხორციელდება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ე.წ. In-house მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სამუშაო (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება/ანალიზი) სრულდება საჯარო რეესტრის მიერ;
• საამზომველო სამუშაოები (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, საველე ინფორმაციის მოძიება) და მონაცემების სამართლებრივი
დამუშავება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ელექტრონული პროგრამით.
3. სისტემური რეგისტრაცია მაღალმთიან არეალებზე (2020-2021 წლებში).
სტატუსი: დასრულებული
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N562 ბრძანებით სისტემური რეგისტრაციის განხორციელების არეალებად განისაზღვრა:
• ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
• ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
• ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები;
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთა.
არეალების შერჩევის დროს ყურადღება მიექცა რეგისტრირებული ნაკვეთების სიმცირეს და ეკონომიკურ პერსპექტივას.
პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის წესით საკუთრების უფლება 9 300-ზე მეტ (83 000-ჰა) მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა.
პროექტის ტექნიკური დეტალები:
• მაღალმთიან დასახლებებში სისტემური რეგისტრაციის პროექტი საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდა;
• საამზომველო სამუშაოები (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, საველე ინფორმაციის მოძიება) და მონაცემების სამართლებრივი
დამუშავება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, სრულდება საჯარო რეესტრის მიერ.
• მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ქაღალდის ვერსიის გამოყენებით.
4. სისტემური რეგისტრაცია საგარეჯოს და ყვარლის მუნიციპალიტეტებში (2021-2022 წლები).
სტატუსი: მიმდინარე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N681 ბრძანებით სისტემური რეგისტრაციის არეალებად განისაზღვრა:
• საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
• ყვარლის მუნიციპალიტეტი;
• დედოფლისწყარო.
პროექტის გეოგრაფიული არეალების საერთო ფართობი შეადგენს 420 212 ჰა-ს, ხოლო 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ცხოვრობს 63 700-მდე მოსახლე. სისტემური რეგისტრაციის პროცესში დარეგისტრირდება/დაზუსტდება 68 000-მდე მიწის ნაკვეთი.
პროექტის ტექნიკური დეტალები:
• კახეთის მუნიციპალიტეტებში სისტემური რეგისტრაციის პროექტი საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება;
• პროექტი ხორციელდება ე.წ. In-house მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სამუშაო (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება/ანალიზი) შესრულდება საჯარო რეესტრის მიერ;
• საამზომველო სამუშაოები (მიწის ნაკვეთისსაკადასტრო აგეგმვა/აზომვა, საველე ინფორმაციის მოძიება) და მონაცემების სამართლებრივი დამუშავება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ელექტრონული პროგრამით.
5. სისტემური რეგისტრაციის ეროვნული პროექტი (2022-2024 წლები) 2022-2024 წლებში სისტემური წესით 1.2 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება სრულყოფილი საკადასტრო მონაცემები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N798 ბრძანებით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები (59 მუნიციპალიტეტი), სადაც სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 1 იანვრამდე დასრულდება. სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება ქვეყნის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სრულად (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 22 თებერვლის N329/ს ბრძანებით ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებზე საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების გრაფიკი. საკადასტრო სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრა: 1. რეგისტრირებული ფართობის სიმცირე; 2. დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა; 3. მოსახლეობის რაოდენობა; 4. გეოგრაფიული მდებარეობა; 5. კლიმატური პირობები; პროექტის ტექნიკური დეტალები: • პროექტი ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2020 წლის 30 მარტს გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებით; • პროექტი განხორციელდება ე.წ. In-house მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სამუშაო (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება/ანალიზი) შესრულდება საჯარო რეესტრის მიერ. საამზომველო სამუშაოები (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, საველე ინფორმაციის მოძიება) და მონაცემების სამართლებრივი დამუშავება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ელექტრონული პროგრამით. .