„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასრულდა მიწის სისტემური რეგისტრაცია. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღარ მიიღებს ახალ განცხადებებს (მათ შორის, slr.napr.gov.ge პორტალის საშუალებით) სისტემური წესით მიწის ნაკვეთის აზომვისა და რეგისტრაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2026 წლის 1-ელ იანვრამდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები და სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადებების განხილვა დასრულდება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.
2027 წლის 1-ელ იანვრამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას და აგრეთვე, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას.
ამდენად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის ან რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების მიზნით, განცხადება და შესაბამისი აზომვითი ნახაზი შეგიძლიათ წარადგინოთ სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ იუსტიციის სახლებში.