1. მოსამზადებელი სამუშაოები
მოსამზადებელი სამუშაოების სრულყოფილად და დროულად განხორციელება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამუშაოების სწორად დაგეგმვისა და პროექტისთვის საჭირო ინფორმაციის გამართული დამუშავებისთვის. სამუშაოების აღნიშნულ ეტაპზე: • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 3 დეკემბრის N798 ბრძანებით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის განხორციელების გეოგრაფიული არეალები და პერიოდი; • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცდება საველე სამუშაოების განხორციელების თანმიმდევრობა სარეგისტრაციო ზონის და სექტორების მიხედვით; • სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილ იქნა მათთან დაცული უფლების დამდგენი დოკუმენტები (საქართველოს ეროვნული არქივი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საარქივო სამმართველო, შემოსავლების სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები); • მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში არსებული ინფორმაციის (ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, დაზუსტებული და დაუზუსტებელი ინფორმაციით რეგისტრირებული მონაცემები, მიღება-ჩაბარების აქტები, მიწათსარგებლობის გეგმები და ა.შ.) სისტემატიზაცია და დამუშავება; • სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოხდა მათთან დაცული ყველა იმ გეოინფორმაციული მონაცემების გამოთხოვა, რომელიც საჭიროა მიწის ნაკვეთზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესში საქმის ყოველმხრივად გამოკვლევის მიზნით; • მიმდინარეობს მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტაციის ასახვა სპეციალურ პროგრამაში;
2. საინფორმაციო კამპანია
მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად მნიშვნელოვანია მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოება. საინფორმაციო კამპანიამ უნდა უზრუნველყოს პროექტის შესახებ (პროცესი და პროცედურები, სამუშაოების თანმიმდევრობა) ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ მიზნით: • სხვადასხვა საინფორმაციო პორტალის, სააგენტოს ვებ და Facebook გვერდების, YouTube-სა და პროექტის ვებპორტალის მეშვეობით მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია საველე სამუშაოების განხორციელების გრაფიკთან დაკავშირებით; • საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სოციალური მედიის და ვებგვერდის გამოყენებით გაიზრდება საზღვარგარეთ მყოფი მოსახლეობის ინფორმირება; • მოხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმირება სამუშაოების განხორციელების შესახებ და შეთანხმდება მუნიციპალიტეტში არსებული ინსტიტუციური მეხსიერების ჩართვის მექანიზმი; სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემები და პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები გამოქვეყნდება სპეციალურ პორტალზე SLR.napr.gov.ge რომლის მიზანი მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და ელექტრონული მომსახურების შეთავაზება წარმოადგენს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ და მიმართოს სააგენტოს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პროექტის ფარგლებში აზომვის/მონაცემების გადამოწმების თაობაზე. საინფორმაციო კამპანიის დროს გათვალისწინებული იქნება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება მათ მშობლიურ ენაზე ყველა შესაძლო საინფორმაციო არხით (ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მასალა, სოციალური ქსელი და ა.შ.).
3. სოციალური მობილიზაცია
სოციალური მობილიზაცია წარმოადგენს სისტემური რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლების დაცვის ძირითად და ეფექტურ ელემენტს. სოციალური მობილიზაცია შემდეგ ასპექტებს მოიცავს: დაინტერესებულ პირთა საკონტაქტო მონაცემების შეგროვება; შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად საზოგადოების ინფორმირება საველე სამუშაოების (მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვა/აგეგმვა) პერიოდების შესახებ; საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და მათგან, მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მონაცემების მიღება ელექტრონულად; დასახლების მიწათმოსარგებლეთა მონაცემების დადგენა; საინფორმაციო მასალის დარიგებას და უფლების რეგისტრაციის (განსაკუთრებით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების) პროცესის და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას; სოციალური მობილიზაციის დროს საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ ელექტრონულად ხდება მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელებისა და არსებული უფლების დამდეგი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე მონაცემების დამუშავება. სოციალური მობილიზაცია მნიშვნელოვანია მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების პერიოდშიც, როდესაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მათ მიერ აზომილი მიწის ნაკვეთებზე დადგენილი უფლებრივი მდგომაროების შესახებ, საჯარო გამოქვეყნების პერიოდის, ადგილის და დეტალური ინფორმაციის გაცნობის წესის შესახებ მიეწოდება ყველა შესაბამისის საინფორმაციო არხით. სოციალური მობილიზაციის დროს ყურადღება მიექცევა პროცესში ქალთა ჩართულობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკუთრების უფლებების დაცვას.
4. საველე სამუშაოების განხორციელება
. აგეგმვა/აზომვა, საველე ინფორმაციის მოძიება და მონაცემების სამართლებრივი დამუშავება. საველე სამუშაოებს ახორციელებს რეგისტრატორ(ებ)ისგან და ამზოველ(ებ)ისგან შემდგარი ჯგუფი. საველე სამუშაოებს ახორციელებს რეგისტრატორისა და ორი ამზომველისგან/ამგეგმავისგან შემდგარი ჯგუფი. სამუშაოების განხორციელებისას დგება მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ელექტრონული ოქმი (იქ სადაც ინტერნეტ კავშირი უხარისხოა ან არ არსებობს, დგება ოქმის ქაღალდის ვერსია). მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი შეიცავს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ როგორც უფლებრივ ისე გეოინფორმაციული მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას, დამსწრე პირთა მონაცემებს და ხელმოწერებს, ნაკვეთზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას (სულ მცირე 3 ფოტოსურათს). საველე სამუშაოების შესრულებისას ამზომველის/ამგეგმავის მიერ საამზომველო ხელსაწყოებით მონიშნული გეოდეზიური ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში აისახება პროგრამაში GIS, მზადდება აზომვითი ნახაზი და მზადდება აზომილი მიწის ნაკვეთის მიმართება უკვე რეგისტრირებულ/აზომილ მიწის ნაკვეთებთან, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დამუშავებულ კადასტრულ მონაცემებთან (ე.წ. „ყვითელი ფენა“). საველე სამუშაოების შესრულებისას ადგილზე დათვალიერების ოქმში ჯგუფის წევრებს შეაქვთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით: ოქმის შედგენა იწყება ამზომველის მიერ დაინტერესებული პირის იდნეტიფიცირებით და პირადი ნომრის ოქმის პროგრამაში ასახვით; დაინტერესებული პირის იდენტიფიცირების შემდეგ რეგისტრატორი ახორციელებს დაინტერესებულ პირზე არსებული საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემების მოძიებას და დამუშავებას: იძებნება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსბეობის შემთხვევაში); იძებნება პირველადად რეგისტრირებული მონაცემები (მიუხედავად იმისა ოქმის შევსების დროისთვის წარმოადგენს თუ არა დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებულ უფლებას); იძებნება საკომლო წიგნის ჩანაწერები, იძებნება ტექბიუროს არქივის მონაცემები; იძებნება საჯარო რეესტრში არსებული სხვა საარქივო დოკუმენტაცია; იძებნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემები (საგადასახადო სია); იძებნება მიწის განაწილების სია და სხვა საარქივო დოკუმენტაცია; რეგისტრატორის მიერ დაინტერესებულ პირთან ადგილზევე ხდება კომლის/უფლების დამდგენი დოკუმენტის კუთვნილების საკითხის გარკვევა. რეგისტრატორის მიერ ხორციელდება ფართების დათვლა, უფლების დამდგენი დოკუმენტაციაში მითითებულ მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების ფართს აკლდება იმ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი, რომელთა რეგისტრაციისთვის გამოყენებული იქნა პირველადი რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია; უფლების დამდგენი დოკუმენტაციით ფართის რეგისტრაციის შეუძლებლობისას (ამოწურულია სარეგისტრაციო ფართი) რეგისტრატორი ადგენს დაინტერესებულ პირზე დასარეგისტრირებელ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების/ნაკვეთის ფართს, ამ მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმას აკლებს დაინტერესებულ პირზე/მის კომლის წევრზე უკვე რეგისტრირებულ, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების ფართს. ამზომველს ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ოქმში შეჰყავს მიწის ნაკვეთის კადასტრული მონაცემები (ოქმში აისახება ნაკვეთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (უსკი), რომლის შემდეგაც პროგრამა ავტომატურად ასახავს ნაკვეთის კადასტრულ მონაცემებს (მიწის ნაკვეთის მდებარეობა, მოხაზულობა, ფართობი, მიმართება უკვე არსებულ გეოსივრცულ მონაცემებთან. ამზომველის მიერ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ფაქტობრივი მდგომარეობა შეჰყავს მხოლოდ არსებული მონაცემების საფუძველზე (თუ რომელიმე გარემოებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირი ითხოვს განსხვავებული მონაცემის ასახვას, ამზომველი ახდენს მონაცემების შეყვანას მისი მითითებით თუმცა ოქმში, შენიშვნის გრაფაში შეჰყავს ადგილზე არსებული რეალური და მის პროფესიულ ცოდნაზე დამყარებული მონაცემები); რეგისტრატორი მიღებული ინფორმაციის შესაბამისად საზღვრავს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ უფლებრივ მდგომარეობას. რეგისტრატორის მითითების შესაბამისად ამზომველი ადგილზევე ახდენს საკითხის დაზუსტებას და ხელმოწერების ასახვას ოქმზე; ადგილზე დათვალიერების ოქმს დანართად ეტვირთება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის ფოტო, დედანს კი იბარებს საამზომველო ჯგუფის წევრი. მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში მონაცემები შეიტანება მხოლოდ ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად. თუ დაინტერესებული პირი ითხოვს ოქმში შეტანილ იქნეს მონაცემი მისი მითითების საფუძველზე საველე ჯგუფი ჩანაწერს უკეთებს შენიშვნას და ოქმში დამატებით ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას.
5. მონაცემების ხარისხის კონტროლი
არეალზე საველე სამუშაოების მიმდინარეობის თანმდევად ხორციელდება მონაცემების ხარისხის კონტროლი. აღნიშნულ ეტაპზე ხორციელდება როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი მონაცემების ხარისხის კონტროლი. სამუშაოებს ასრულებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარისხის კონტროლის სპეციალისტების მიერ. ხარისხის კონტროლის პროცედურა მიყვება გეოგრაფიული ინფორმაციის მონაცემების ხარისხის კონტროლის შესახებ ISO 19157 სტანდარტით განსაზღვრულ პროცედურას, ხოლო შესამოწმებელი ნაკვეთების შერჩევა მოხდება ISO 2859-1 მოთხოვნების შესაბამისად. სტანდარტულად, შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზების დასაშვებ ზღვრად განიხილება 10%. ინსპექტირების დასრულების შემდეგ, არეალზე დგება ხარისხის კონტროლის ანგარიში, რომელიც აერთიანებს სამართლებრივი და ტექნიკური ხარისხის კონტროლის შედეგებს. ხარისხის კონტროლის ანგარიშის საფუძველზე მონაცემები გადადის სარეგისტრაციო პროცესის შემდეგ ეტაპზე ან დაბრუნდება აზომვის/მონაცემების დამუშავების ეტაპზე. ხარისხის კონტროლის დეტალური პროცედურები მოცემულია ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოში.
6. მონაცემების საჯარო გამოქვეყნება
. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი საკადასტრო რუკა მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, ერთი თვის მანძილზე, საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), სისტემური რეგისტრაციის პროექტის სინფორმაციო ვებგვერდზე, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (ასეთი ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტში თვალსაჩინო ადგილზე, რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას მისცემს. სარეგისტრაციო სექტორში საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდესაც ხარისხის კონტროლის მიერ მომზადებული დასკვნა დადებითია ხდება საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადება. ინფორმაცია მონაცემების მიწის ნაკვეთზე დადგენილი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე საჯარო გამოქვეყნების პერიოდი, დეტალური მონაცემების გაცნობის ადგილი დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დაუყოვნებლივ, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაცულ მონაცემთა ბაზაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე., საჯარო გამოქვეყნების მიმდინარეობისას სულ მცირე ორჯერ. მონაცემების საჯაროდ გაცნობის პერიოდში ინფორმაცია (ინფორმაცია დაინტერესებული პირისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესახებ) იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც დადგინდა თვითნებურად დაკავების ფაქტი/მოთხოვნილია დამატებითი იფნორმაცია/დოკუმენტაცია თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად, იგზავნება: • საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში; • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში; • სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოში; • სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში-საავტომობილო გზების დეპარტამენტში; • შესაბამის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში; • სხვა სახელმწიფო ორგანოში (საჭიროებისამებრ); მონაცემების საჯაროდ გაცნობის პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დასაბუთებული განცხადების საფუძველზე/კონკრეტული გარემოებების მითითებით, მოითხოვოს მიწის ნაკვეთის კადასტრული და/ან უფლებრივი მონაცემების გადამოწმება. განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც იუსტიციის სახლებში ასევე ელექტრონულად SLR.gov.ge აპლიკაციის გამოყენებით.
7. მონაცემების განახლება და უფლებათა რეგისტრაცია
მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების დროს შემოსული განცხადებების საფუძველზე ხდება მონაცემების განახლება შესაბამის განცხადებებზე. გადაწყვეტილებას, შემოსული განაცხადზე საველე სამუშაოების განხორციელების შესახებ იღებს რეგისტრატორი. მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების გადამოწმება ხდება მხოლოდ განმცხადებლის მითითების საფუძველზე. მონაცემების გადამოწმების დროს დგება მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების/მონაცემების გადამოწმების ოქმი. ოქმი დგება საველე სამუშაოების პროცესის შესაბამისად. რეგისტრატორის მიერ ხდება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებისას და მონაცემების გადამოწმებისას მიღებული მონაცემების ურთიერთშეჯერება, მიწის ნაკვეთის კადასტრული და უფლებრივი მონაცემების განახლება და სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღება. იმ ნაკვეთებზე, რომელზეც მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების დროს დადგინდა უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის წარმოდგენის პირობის გარეშე და რომელთან დაკავშირებითაც არ არის წარმოდგენილი განცხადება მონაცემების გადამოწმების მოთხოვნით, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ავტომატურად, პროგრამის მიერ უძრავ ნივთებზე უფლებათა შეზღუდვების რეესტრში და სამოქალაქო სერვისების მონაცემთა ბაზაში დაინტერესებული პირის მონაცემების გადამოწმების შემდეგ. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია წარმოადგინოს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.